15 ოქტომბერი 2024

მუზეუმები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1958 წელს დაფუძნდა, 1961 წელს მოეწყო პირველი ექსპოზიცია. მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საუკუნეების საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

 

ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი

მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისთავში (ზენობანი). მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის მოპირდაპირედ, აქვე ცხოვრობდნენ მწერლის საყვარელი გმირებიც. აქ დღესაც ილიკოს, ილარიონის და ოლღა ბებიას შთამომავლები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ეს ის ადგილია რომელიც ნოდარ დუმბაძეს გამორჩეულად უყვარდა და სადაც მწერალს სახლის აშენება სურდა. მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცული მასალებია: მწერლის პირადი ნივთები, ხელნაწერები, სამახსოვრო ნივთები, წიგნები, გამოცემები, ფოტოები.

 

ნიკო მარის სახლმუზეუმი

მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ დაბლაციხეში. 1999 წელს მეცნიერის სახლ-მუზეუმი გაიხსნა მშობლიურ სოფელში, ეზოში, რომელშიც დღესაც ნიკო მარის შთამომავლები ცხოვრობენ, ზრუნავენ მუზეუმზე და ემსახურებიან დამთვალიერებლებს. მემორიალური მუზეუმის ფონდში დაცული მასალებია: საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის მკვლევარის ნიკო მარის (1864-1934 წ) მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა – ხელნაწერები, აკადემიკოსის პირადი ნივთები, სამეცნიერო ნაშრომები, წიგნები, ფოტოები, დოკუმენტები.

 

მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი

მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, გოგიბერიძეების საკარმიდამო მამულში. მუზეუმის დაფუძნების თარიღია 1975 წელი. მუზეუმში ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის (1897-1951 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, მისი შრომები ფილოსოფიის ისტორიის, შემეცნების თეორიის, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.

Skip to content