21 ნოემბერი 2024

ბალნეოლოგიური წყლები და საკურორტო ადგილები

კურორტი ბახმარო – მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის ცენტრიდან 52 კილომეტრში. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას ხოლო ასეთი ჰაერის ნაზავი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა: სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი, სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი.
კურორტზე დასვენება შესაძლებელია, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში.

კურორტი ნაბეღლავი – გუბაზეულის ხეობის ულამაზესი ბალნეოლოგიური კურორტია, იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 470 მეტრის სიმაღლეზე. ჩაფლულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის მასივში, მთის სწრაფი და ანკარა მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე.
ხასიათდება უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით, ძვირფასი მინერალური სამკურნალო წყლებით. ნაბეღლავის წყალი ბორჯომის წყლის ტიპისაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების, კანის, ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება, როგორც დასალევად, ასევე აბაზანის სახით.

სოფელი სურები
ჩოხატაურის ცენტრიდან სოფელი შუასურები მდებარეობს 17 კმ-ში. შუასურებიდან 6 კმ-შია ზემოსურები, უფრო ზემოთ 20კმ-ში არის შუაგორა და 13 კმ_ში არის ჯაჯის ტბა.
სურები ბახმაროს ტიპის დასასვენებელი მაღალმთიანი ადგილია, რომლის ჰავას სამკურნალო თვისებები გააჩნია ტუბერკულოზის, ბრონქების, ფილტვების, ანემიის, ნევრასთენიის, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
შუასურებში არის სათევზაო ადგილები, იჭერენ მთის კალმახს.
სპორტული და აქტიური დასვენების განვითარების თვალსაზრისით ზემოსურებში შესაძლებელია მოეწყოს მდინარე სუფსაზე ჯომარდობა, ხოლო ზამთარში თხილამურებით სრიალი.
შუაგორაში ასვლა შესაძლებელია მხოლოდ სამხიდიანი მანქანებით. სურების მოსახლეობა შუაგორაზე სეზონურად ისვენებს მაისის თვიდან აგვისტოს თვემდე. მთის საძოვრებზე აჰყავთ საქონელი, აწარმოებენ ორგანულად სუფთა პროდუქტებს, მოჰყავთ კარტოფილი, მწვანილი და ცხოვრებენ ხის სახლებში. ასევე შესაძლებელია ცხენოსნობა, ნადირობა, სოკოს კრეფა, კარვების გაშლა და საღამოობით კოცონის დანთება.
ტბასთან მისვლამდე ალპურ საძოვრებზე გვხვდება მწყემსები და მათი კარვები. ეს ადგილები სავსეა მინდვრის ყვავილებით, კლდეში გამოკვეთილი ადამიანებისა და ცხოველების ფიგურებით. აქედან გადასვლა შესაძლებელია იმერეთისა და ჯავახეთის მხარეში. ამ სიმაღლიდან შთამბეჭდავი და დაუვიწყარია კავკასიონის, ბახმაროსა და ზღვის პანორამა.

ჯაჯის ტბა მდებარეობს გურიისა და იმერეთის გამყოფ ქედებს შორის, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრია. ტბის წყლის მოცულობა მუდამ ერთ დონეზეა. მის ნაპირზე დადებული თოვლი ყოველთვის ხვდება ახალ თოვლს. ტბის ფართობია 200კვ.მ. სიღრმეში ბანაობა აკრძალულია, რადგან გამოსაკვლევია მისი სიღრმე, წყლისა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებს.

ლაშეს აბანო – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების გოგოლესუბნისა და შუაამაღლების გასაყარზე ნიგოეთის მთებიდან პატარა მდინარე „ლაშე“ ჩამოედინება. მოსახლეობა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე წარმოქმნილი ჟანგისფერი დანალექით დაინტერესებულა. ამ სამკურნალო წყლის გამოყენებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფრანგ ინჟინერს დეროსს, რომელიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა იმ დროისათვის ფრიად განათლებულ მარიამ დავითის ასულ ერისთავთან. დეროსს ქუთაისის საგუბერნიოს მკურნალ სპეციალისტებიდან მიუღია დასკვნა ზემო ამაღლების წყალი რევმატიზმისათვის მარგებელიაო. კეთილ ფრანგს აბანო საკუთარი სახსრებით აუგია, რომლითაც მოსახლეობა უფასოდ სარგებლობდა. აბანო სეზონურად არა მარტო შუა ამაღლების, არამედ მეზობელი, შორეული და სხვა რაიონის მოსახლეობასაც ემსახურებოდა, რომლებიც ღამეს აბანოს ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაში ათევდა. მკურნალობის კურსი 10 აბაზანის მიღებით (დღეში ერთ აბაზანა ან ორი დილით და საღამოთი) განისაზღვრებოდა, აბანო დღე-ღამის განმავლობაში 70-80 პაციენტს ემსახურებოდა. მინერალური წყალი არა მარტო აბაზანის მისაღებად გამოიყენებოდა, არამედ მოსახლეობა მას სასმელადაც იყენებდა და იყენებს და დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ.
მინერალური წყალი „ლაშე“ აბანო (აბანოს წყალი) წარმოადგენს ძლიერ მჟავე, სულფატურ-კალციუმიან-მაგნიუმიან მინერალურ წყალს. მინერალური წყლის ტიპიდან და არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული მინერალური წყალი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აბაზანების სახით, როგორც ჯანმრთელ ადამიანებში ჰიგიენის მიზნით, ასევე შემდეგი დაავადებების დროს. რევმატოიდური პოლიარტრიტი (არტრიტი), უპირატესად სახსროვანი და კლინიკური კომბინირებული ფორმები არააქტიურ ფაზაში. ქრონიკულ ფაზაში: რადიკულიტი, რადიკულნევრიტი, იშიაზი, ნევროზი, სებორიული ეგზემა.

სოფ. ზოტიდან 15 კმ-ში ზემოთ არის საკურორტო ადგილი სანისლია, სადაც ქანებიდან გამოდის სამკურნალო თბილი წყალი. წლების მანძილზე როგორც იქაური მაცხოვრებლები, ასევე დაბიდან ასული მოსახლეობა სამკურნალოდ იღებდა თბილ აბაზანებს, რომელიც კურნავდა სხვადასხვა დაავადებებს – საყრდენ – სამოძრაო ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადებებს.
ბალნეოთერაპიისა და სამკურნალო ფისკულტურის განყოფილების, ასევე ჰიდრომინერალური რესურსების შემსწავლელი განყოფილების დასკვნის საფუძველზე, თბილი წყლები გამოდის, როგორც ძირითად ქანებში გაჩენილი ნაპრალებიდან, ისე მდინარეული ნაყარი მასალიდან. ტიპიური ანალიზის საფუძველზე სანისლიის წყალი ასპინძისას ემსგავსება, ჩანს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყლის ტიპი და მინერალიზაციაც უცვლელია. საჭიროა მისი კლინიკური და ექსპერიმენტული შესწავლა.

სოფ. იანეული – წყალი, რომელიც აგროვებს ძალიან ფაფუკ ტალახს, აქვს დამახასიათებელი (სკიპიდარის სუნი), გარკვეული წლების განმავლობაში ურმით მოყავდათ დავრდომილი ადამიანები, რომელთაც აღენიშნებოდა სახსრების პრობლები, 15 დღის განმავლობაში ბრუნდებოდნენ სრულიად გამოჯანმრთელებულები საკუთარი ფეხით, ამ ადგილზე არსებობდა ორი სახის წყალი ერთი შედარებით ჭარბი რაოდენობით გამოედინებოდა და გამოიყენებოდა სახსრებისათვის, (ყოველგვარი ზედაპირული გამონაყარი, ასევე ჩირქოვანიც), ხოლო მცირე რაოდენობით თვალის დასაბან საშუალებად, 1966 წელს ადგილობრივ მცხოვრებ სერგო შარაშიძემ წყალს შეუქმნა კონსტრუქცია მარაგის მიზნით. სკოლის მშენებლობის პროცესში ვინმე სომეხი მშენებელის მიერ 3 დღეში მოხდა მისი კანის დაავადებების განკურნვა.

დიდი ვანი – სულფიდური ტიპის მინერალური წყალი, სოფლის ცენტრი (გურის ტყის უბანი) – სამკურნალო ტიპის (გამონაყარი, ფსორიაზი) წყალი – ფუნქციონირებდა 3 აბანო ვანით.

სოფ. ზემოსურები (ნამაინები) – ნახშირმჟავას ტიპის მინერალური წყალი;

სოფ. ერკეთი (ჯვრის მთა) – სულფიდური ტიპის მინერალური წყალი.

სოფ. ბუკნარი მჟავე წყალი – (მეურნეობის ტერიტორია), ძალიან მარილიანი წყალი, რომელიც კურნავს კუჭის, სახსრებისა და კანის დაავადებებს.

სოფ. ნაბეღლავი – მინერალური წყალი. ”ბახმარო -კავკასიური წყარო” მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი.

Skip to content