15 ოქტომბერი 2024

ისტორიული ძეგლები

ერკეთის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია  IX საუკუნეშია აგებული მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელზე. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ერკეთში, რაიონის ცენტრიდან 8კმ-ში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა,  გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით. ეკლესიას შემორჩა IX საუკუნის ვაზის კარი და ფრესკები. ერკეთის მთავარანგელოზთა ეკლესია მოქმედი  დედათა მონასტერია.

 

 

”უდაბნო”-ს მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ.შუა ამაღლების ჩრდილოეთით,  მანძილი რაიონული ცენტრიდან 7კმ-ია. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს სამ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. კლდეში გამოკვეთილი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. მისი აგების თარიღი უცნობია, არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ეკლესია მე-6 საუკუნეს მიეკუთვნება, შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი, საკურთხეველი ქვისაა. უდაბნოს მონასტერი ცნობილი იყო თავისი საგანმანათლებლო ფუნქციით. აქ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას. მონასტერმა XX საუკუნის 50-იან წლებამდე იარსება.  გაძარცვის შედეგად  განადგურდა ხელნაწერები, წიგნები, ხატები და  გადარჩა მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი, რომელიც ამჟამად მონასტერში ინახება.

 

 

შუბანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია  მდებარეობს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში სასაფლაოს ტერიტორიაზე. იგი აგებულია     X IX საუკუნის ბოლოს. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე და ნაგებია სხვადასხვა ზომის კარგად თლილი ქვით. ტაძარში დაცულია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება. რელიეფის ორივე მხარეს გვხვდება მხედრული წარწერა. ეკლესია რეკონსტრუირებულია და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

 

 

ერისთავების ციხე -მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში. გორაბერეჟოულის ანუ ერისთავების ციხე აგებულია ლამაზ გორაკზე მე-17 მე-18 საუკუნეებში. ციხე იყო საბრძოლო მნიშვნელობის, იგი ერისთავების კუთვნილებას წარმოადგენდა. ციხე შემოფარგლულია 4 კედლით, რომლის თითოეული სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო სიგრძე 25 მეტრი. ციხის კედლებში დატანებულია სათოფურები, ციხის შიგნით მოთავსებულია მარანი  და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ირგვლივ კი გაშენებულია ულამაზესი დენდროლოგიური ტყე-პარკი, მრავალი ჯიშის იშვიათი მრავალწლიანი მცენარეებით: სამი საუკუნის მუხა, ფანქრის ხე, კანფეტის ხე, სექვოია გიგანტი და სხვა.

 

 

ზოტის ციხე (ღომის ციხე) – მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სამხრეთის ტერიტორიაზე “საყდრის ყელზე”, დაბა ჩოხატაურიდან 45 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლის მთაზე მდინარე გუბაზოულის ხეობაში. ძეგლი წარმოადგენს უდუღაბოდ ნაგებ სამ ქვაბულს, თითოეული 25 კუბ. მეტრის მოცულობით, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია 0,5 მეტრ სიგრძის და 0,5 მეტრი სიგანის გასასვლელებით, რაც მთავრდება გარეთ გამოსასვლელი გვირაბით. ძეგლი შუა საუკუნეების სამხედრო დანიშნულების ობიექტს წარმოადგენდა. მას მისასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აქვს.

 

 

ბუკისციხე (თამარის ციხე) – ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში რაიონული ცენტრიდან 6 კმ-ში. ციხე მდებარეობს მდინარე  სუფსის  მარჯვნივ, მაღალ გორაზე, ე.წ. გურის ტბასთან. ამ ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები. ამჟამად ციხის მხოლოდჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. იგი აშენებულია რიყის ქვით. ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია ქვის დიდი წყლის საცავი ავზი და ქვისავე კიბის ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული – საბრძოლო. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. გურიის რუსეთთან შეერთებამდე (1811 წლამდე) ციხე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.

 

Skip to content