21 ნოემბერი 2024

ტრადიციული დღესასწაულები

ბაზიერობა ანუ დამჭერ-მტაცებელი ფრინველებით (მიმინო, ქორი, შევარდენი, არწივი თუ სხვა, სულ 33 სახეობა), ბუნების ფაუნაზე: მწყერებზე, ღალღაზე, ხოხობზე, ტყის ქათამზე თუ სხვა ფრინველებზე ნადირობა უძველესი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძალზე პოპულარული სახეობაა. სიტყვა ”ბაზიერი” სპორტული წარმომავლობისაა, ”აბზი” დამჭერ-მტაცებელ ფრინველს ჰქვია. შუა საუკუნეების ბაზიერების ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, ერთი დაგეშილი მიმინო ერთი ქალწულის ფასად იყო შეფასებული.
1991 წლიდან გახდა საქართველო ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის 21-ე წევრი, ისეთი მოწინავე ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ავსტრია, აშშ, ინგლისი, გერმანია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იაპონია, უნგრეთი, ჩეხეთი და სხვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 100 – ზე მეტი ბაზიერია, არის ბაზიერთა ოჯახები, რომლებშიც რამდენიმე ბაზიერია გაერთიანებული. სპორტის ამ ერთ-ერთი საინტერესო დარგის კიდევ უფრო განვითარების, სრულყოფის და პოპულარიზაციის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა მიიღო შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება ბაზიერთა ღია ჩემპინატი.

 

 

დოღი – 19 აგვისტოს ფერისცვალების დღეს ბახმაროში იმართება ტრადიციული დღესასწაული სხვადასხვა სპორტულ-გასართობი აქტივობებით: ტრადიციული დოღი, მკლავჭიდი და „ბახმაროს ფალავანი“ ქართულ ჭიდაობაში.
დოღის ტრადიცია გასული წლის 30 – იან წლებში ჩამოყალიბდა. ფერისცვალების დღეს, 19 აგვისტოს ბახმაროში დაახლოებით 50 მონაწილე იკრიბება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ერთმანეთს ეჯიბრება დოღში. შეჯიბრში გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ, როგორც ფულადი ასევე სხვადასხვა ჯილდოები.
ტრადიციულ დოღს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ორგანიზატორები აწყობენ ეთნოგრაფიულ სტენდებს, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს, რომლებიც ტურისტებს გურიას გააცნობს. ღონისძიება სრულდება, როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული შემსრულებლების კონცერტით.

Skip to content