საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის – „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის სკოლების პირველკლასელები.
პროგრამის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ჩამოუყალიბდეთ გარემოზე ზრუნვის კულტურა, აქტიურად ჩაერთონ მწვანე სივრცეების შექმნის, განახლებისა და დაცვის პროცესში და გარემოსდაცვით აქტივობებში.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება.






