რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი?
სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. 2022 წლიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. პირველ ეტაპზე დაბის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 50 000 ლარი. გამოყოფილი თანხა დაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.
სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია – საზოგადოების ჩართულობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო სფეროა თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკის ფორმირება და მისი მეშვეობით მუნიციპალიტეტის ან ქალაქის განვითარების მიმართულებების განსაზღვრა. ამის საშუალებას იძლევა სამოქალაქო ბიუჯეტი. სამოქალაქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სამოქალაქო ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე დემოკრატიული მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობისათვის. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული ფულადი სახსრების განკარგვა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს თავად დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ასევე თვალყური ადევნონ მათ განვითარებას.