2-6 ივნისს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან 10 სპორტსმენი და 3 მწვრთნელი მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიადის რაიონულ და რეგიონულ ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები თავისუფალ ჭიდაობაში, ბოქსში, ქვიშის ჭიდაობასა და ძიუდოში იასპარეზებენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ჩხიკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს სპორტული ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.


