პოლონეთი-საქართველოს ერთობლივი პროექტის – „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება“ ფარგლებში, გასულ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ხელი მოაწერა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის სერტიფიცირების“ პროცესში ჩართულობას.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით და დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
სერტიფიცირების პროცესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ეწვივნენ პოლონური მხარის წარმომადგენლები: იუსტინა ვენგლოჟი – პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროდან და ექსპერტი მონიკა ზდროიეკი.
ვიზიტი მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში ინვესტორთა მომსახურების სტანდარტების შემოწმებას სიმულაციური მეთოდის მეშვეობით, რის ფარგლებშიც წარმოადგინეს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის მერი და მერის პირველი მოადგილე, საინვესტიციო გარემოს განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოეწყო მცირე ექსკურსია. განხორციელდა ვიზიტი საწარმო „ნენაში“,რომელიც არის წარმატებული ინვესტიციის კარგი მაგალითი.
ვიზიტი დასრულდა საინვესტიციოდ განკუთვნილი ადგილის პრეზენტაციით.