ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა.
რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.
გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
კოლეჯ “ჰორიზონტში” ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.