ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლისა და ბაღის სახურავები;
გორაბერეჟოულის ტყეპარკში, დაბასა და სოფლებში წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელ ჯვარცხმის სასაფლაოს ღობე.
ამ წუთებში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულნი არიან ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
დაბასა და სოფლების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით თოდრიასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონებში იმყოფებოდა და ვითარებას პირადად გაეცნო.