2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა სამი ჩოხატაურელი მებრძოლი: მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე.
წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მოადგილეებთან, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის მუნიციპალური განყოფილების თანამშრომლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო ჩოხატაურელი გმირების საფლავები.
წელს პირველად გაიმართა სამაჩაბლოში რუსეთის აგრესიის დროს დაღუპულთა სახელობის ტურნირი – მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში, რომლის გამარჯვებულიც ხიდისთავის თემი გახდა.
ასევე, ხიდისთავის მოედანზე გაიმართა 14-წლამდელთა შორის ტურნირი მინი ფეხბურთში ხიდისთავის თემში შემავალი სოფლების გუნდების მონაწილეობით. გამარჯვება კვლავ ხიდისთავის გუნდმა მოიპოვა.