ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა.
არჩევნები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბჭოს წევრობის 49 კანდიდატი წარდგა. მონაწილეობა LAG-ის წევრობის 100-მა კანდიდატმა მიიღო.
LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას, რომელიც ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
არჩევნები ორგანიზებული იყო CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.