ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შუა ამაღლების სპორტდარბაზში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სლოგანით – ,,მშვიდობა ისრაელს-მშვიდობა საქართველოს“, რომელიც ებრაელ და ქართველ გმირთა ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირი 2015 წლიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ორგანიზებით, ისრაელის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება.
წელს ტურნირში 200-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ტურნირში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
გარდამავალი თასი ჩოხატაურის გუნდმა მოიპოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო „მაშავის“ საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი და „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი ზაურ ოსეფაიშვილი.
სტუმრებმა ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
სტუმრები ასევე ეწვივნენ ერისთავების ციხე-დარბაზსა და გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკს, სადაც დაათვალიერეს 13 წლის მხატვრის, მარი ბრეგუს, ებრაულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.