ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის — ნოე რამიშვილის — ბიუსტი.
ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა დროშის აღმართვის ცერემონია. ასევე გაიმართა სპორტული აქტივობები: მხატვრული ტანვარჯიში, დოღი, მკლავჭიდი და ბაგირის გადაძალვა. გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.
ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ხალხური სიმღერებისა და ქორეოგრაფიული ნომრების წარმოდგენები.
დღის დასასრულს, ხელოვნების სასახლეში გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
გამოვლინდნენ საპატიო ჩოხატაურელები:
გია ჩხიკვიშვილი — ისტორიკოსი, ჩოხატაურის გიმნაზიის დამაარსებელი და დირექტორი 2011 წლიდან დღემდე ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილე და ისტორიის მასწავლებელი;
ელისო ბოლქვაძე — მუსიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 2013 წლიდან საქველმოქმედო ფონდი „ლირას“ დამფუძნებელი. შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება. 1993 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია; 2019 წელს — პრემია „საგურამო“ მუსიკის დარგში; 2018 წელს — ღირსების ორდენი; 2015 წელს — UNESCO-ს მშვიდობის არტისტის წოდება;
ქეთევან დუმბაძე — ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი; მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი. აქტიურად მონაწილეობს ჩოხატაურის საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებებში. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები:
კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს დამსახურებული მოღვაწეები: გოჩა ჯინჭარაძე, ვასილ ბუბუტეიშვილი, ავთანდილ მახარაძე, ელგუჯა მგელაძე.
განათლების სფეროს დამსახურებული მოღვაწეები: რუსუდან ბერიშვილი, სულიკო კალანდაძე, დეზდემონა ლომინეიშვილი, ლილი ჩხაიძე, ქეთევან მინდაძე.
ჯანდაცვის სფეროს დამსახურებული მოღვაწე: ლევან მეგრელიშვილი.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დელეგატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.