გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიეტეტის მერი მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებული, ისრაელის ელჩი და ჩოხატაურის მერი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში გაიმართა. ტურნირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ორგანიზებით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლიდან იმართება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.




