
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან დაიწყება, ხოლო წინასწარი საპროექტო წინადადებების მიღება 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: (დასახლების საერთო კრებების გრაფიკი).
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა საპროექტო წინადადებებს იღებენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრულნი არიან მერის შესაბამისი ბრძანებით (ბრძანება; უფლებამოსილი პირები).
ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა და მოქალაქეობისა, შეუძლია გადმოწეროს საპროექტო წინადადების ფორმა (საპროექტო წინადადების ფორმა) ან მიიღოს იგი ადგილზე, მერის წარმომადგენლისგან. შევსებული ფორმა პირმა უნდა წარადგინოს მერიაში. ასევე, შესაძლებელია იდეის/წინადადების ზეპირი ფორმით წარდგენა მერიის უფლებამოსილი პირებისთვის (მათ შორის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის), ფორმის შევსებაში დასახმარებლად. საპროექტო წინადადების გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: contact@chokhatauri.gov.ge.
საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის: ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭები და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები და სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები, ტროტუარები, გზისპირა მოსაცდელები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები და გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მათი ინვენტარი;
• სკვერები (მათ შორის, საბავშვო სკვერები), სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი ჰესების რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
