დღეს, 14 ივლისს, ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, 95 წლის იუბილეა, რომელიც მის მშობლიურ მხარეში განსაკუთრებულად აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მწერლის ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერში მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც სოფელ ზენობანში განახლებულ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც წიგნების პრეზენტაცია (ავტორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, ქეთევან დუმბაძე) გაიმართა.
ადგილობრივმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: „სისხლის ძახილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
ასევე, სოფელ ხიდისთავის სტადიონზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მუნიციპალური საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა, რომელიც მეორე წელია ტარდება და მასში 11 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებული 21 ივლისს გამოვლინდება.
დასასრულ, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა მწერლის შემოქმედებისა და ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ინტერვიუ სარკეში” (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი) წარმოადგინა.