საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ 5 ქართული მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ჩოხატაური შეუერთდა.
ამჯერად, დოკუმენტს ზუგდიდის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ბაღდათის თვითმმართველი ერთეულების მერებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ მოაწერა ხელი, რითაც დაადასტურა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტში.
ათეას ადვოკატირებით, ქარტიას სულ 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც დააფიქსირეს.
ევროპული ქარტია, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, ეროვნული კონფერენციის – ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები” ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.