რა არის დასახლების საერთო კრება?
დასახლების საერთო კრება სოფლის (დაბა/ქალაქი) მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმაა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას წინ წამოსწიონ მუნიციპალიტეტისთვის, ან დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მათ შესახებ მუნიციპალიტეტის ორგანოებს (საკრებულო/მერია) მიაწოდონ შესაბამისი წინადადებები/მოსაზრებები. დასახლების საერთო კრება კანონით განსაზღვრული მექანიზმია, რომლის მიზანია მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების კრება შეიძლება მოწვეული იქნეს მუნიციპალიტეტის მერის, ან შესაბამისი დასახლების ამომრჩევლების ინიციატივით. ხოლო თუ დასახლების კრებას ჰყავს რჩეული, მაშინ დასახლების საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს მისი ინიციატივითაც. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან განიხილონ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები და დასაბუთებული პასუხი აცნობონ დასახლების საერთო კრებას.
ვინ შეიძლება დაესწროს დასახლების საერთო კრებას?
დასახლების საერთო კრებას შეიძლება დაესწროს კონკრეტულ დასახლებაში/სოფელში რეგისტრირებული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა იქნება ჩემი როლი დასახლების საერთო კრებაზე?
დასახლების საერთო კრებაზე თქვენი როლი იქნება დისკუსიაში მონაწილეობის მიღება და თქვენი აზრის დაფიქსირება რა მიმართულებით გსურთ სოფლის განვითარება, ასევე შესაძლებლობა გექნებათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები რა პრობლემებს ხედავთ სოფელში და როგორ გსურთ მათი მოგვარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ მონაწილეობა მიიღოთ ხმის მიცემის პროცედურაში, რომელიც დასახლების საერთო კრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას დასახლების საერთო კრებაზე?
იმისათვის რომ დასახლების საერთო კრება ჩატარდეს და გადაწყვეტილება მიიღოს, მნიშვნელოვანია რომ მონაწილეობა მიიღოს სოფლის ამომრჩევლების მინიმუმ 20%-მა.
როგორ მოხდება დასახლების საერთო კრების შედეგების გამოყენება?
მუნიციპალიტეტის ორგანოები (მერია/საკრებულო) ვალდებულია განიხილოს დასახლების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები და დასაბუთებული პასუხი აცნობოს დასახლების საერთო კრებას.
ვინ ატარებს დასახლების საერთო კრებას?
დასახლების საერთო კრება ტარდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით.