ქალაქ თბილისში გაიმართა პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს პოლონურ-ქართული პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება“ ფინალური კონფერენცია, რომლის მიზანი იყო სამწლიანი პროექტის განხორციელების შეჯამება და „ინვესტორებისათვის მეგობრული“ სერტიფიცირების პროცესში მონაწილე მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ოფიციალური დაჯილდოვება.
პროექტით განსაზღვრული აქტივობების ეტაპობრივად განხორციელების შედეგად, რომელიც ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოს განვითარებასა და ინვესტორებთან ურთიერთობების სტანდარტების დანერგვას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა წარმატებით დაასრულა სერტიფიცირების პროცესი და მიიღო „ინვესტორებისათვის მეგობრული მუნიციპალიტეტი 2023-2026-ის“ სტატუსი.
ჯილდო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს მაია კუტუბიძეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გადასცა.
პროექტი „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება” განხორციელდა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.