ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 96 წელი გავიდა.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მწერლის ხსოვნას და ნოდარ დუმბაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზენობანში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, მწერლის ყველასათვის საყვარელი გმირები გააცოცხლეს კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრის მსახიობებმა.
ასევე, ორგანიზაცია „მომავლის პალიტრისა“ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „არ დავივიწყოთ ქართული“ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში აჭარის ნორჩმა მსახიობებმა მწერლის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები (ნოდარ დუმბაძე-„ასე დაუსრულებლად“) წარმოადგინეს.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „ამაღლებამ“.