საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, მინდია ჟღერიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.
„მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და თავდადებას მოითხოვს. ღვაწლმოსილი პედაგოგების მრავალწლიანი საქმიანობის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ მასწავლებელს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავალი თაობის განათლებაში შეაქვთ. ვულოცავ ღვაწლმოსილ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში“ – აღნიშნა ჩოხატაურის მერმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.



